Tuesday, May 1, 2012

გამოყენებული ლიტერატურა:

1)http://www.nplg.gov.ge/chavchavadze/alexandrechav.html#top 

2)http://www.youtube.com/watch?v=K-efQSLw6iM&feature=player_embedded 3)http://literatura.mcvane.ge/main/literatura/biografia/311-bbbbbbbbb-bbbbbbbbbb.html

ალექსანდრე ჭავჭავაძის შემოქმედება



თავსა უფლად
ალექსანდრე ჭავჭავაძე 

თავსა უფლად ნურვინ ჰგონებთ, 
ყოველთ ესრეთ გაიგონეთ! 
ერთგზის თქვენცა ტრფიალება 
ჩემებრ მწარედ დაგიმონებთ. 

მეცა ვიყავ მოქადული, 
ვიდრე ჩემად მქონდა გული; 
ჭირი ვერად შემიპყრვიდა, 
აშიყთ მტანჯვი სიყვარული. 

თუ ვინ ვნახი ფერ მიხდილი, 
შვენებისდა მონად ქმნილი, - 
ვსთქვი: თუ კაცსა ვითა შვენის 
გული ესრედ უძლურ-ლბილი! 

მაგრამ ჩემიც სულის ძალა 
ერთმან წამმან სრულად ჰსცვალა: 
გნახე, და მყის შენმა სახემ 
შემიპყრა და შეცამსჭვალა! 

მომესია სევდათ გუნდი, 
შემომერტყა ბნელი ბუნდი; 
ჯაჭვი დამსდვა მონებისა, 
კისრად ვიღე და დავდუმდი. 

მაშინ ვიგრძენ მეყვსეულად 
სისხლი ცეცხლებრ აღგზნებულად; 
ცრემლიანმან და მოხრავმან 
ვეღარ ვიცან თავი სრულად.




დიდმარხვაში

ალექსანდრე ჭავჭავაძე 

მარხულნო, მანამ ცხონდებით, 
ნეტა, ქარებით რათ კვდებით! 
ლობიო ღვინით დაარჩეთ, 
თორემ აქავე წაწყმდებით!  



დუგა

ალექსანდრე ჭავჭავაძე 


სოფლის მიმნდობთა ბოლო აქვთ შხამად, 
ლხინი, შექცევა თვალისა წამად. 


არა ერთხელ სიჭაბუკე დაუთრთვილავს სიბერესა. 
არა ერთხელ ბედის დილა შეუცვლია შავ ღამესა. 


გვედრი, თვით მიხვდე, - მიკვირს, ცნობა მეძნელებიან, 
რასაცა მარად თვალნი ჩემნი გეუბნებიან. 


შენთვით ხელობა თუ ვინ მიზრახოს, 
რაბამათ შერცხვეს, თუ თვალით გნახოს. 


თუ დიდი ლხენა ან ჭმუნვა გვამიზეზებდეს სიკვდილსა, 

ვითღა რჩეს სული მოყვსისა, თან მხლესა ანუ შორქმნილსა. 

6
სამოთხის შვება რამ მაცნობა, - მითხრაცა ენამ, 
იმასთან ყოფნამ, მისმან ჭრვეტამ და მისმან სმენამ. 


კვლავ მარად ჩემსა სურვილსა იმედი წინ უძღოდა, 
აწ სურვა გულსა კვლაებრ სწვამს, მაგრამ ვარ უიმედოდა. 


ვინ იცის ჩემნი ტანჯვანი ბნელი დღისა თუ ღამისა, 
ტრფობისა კიდე რა შესწამს? მიზეზიცა ვსთქვა ამისა. 


ოდენ ხმა შენი მესმოდეს, ოდეს შენს სახეს ვხედვიდე, 
ესე რომ მწყურდეს ამისთვის რას ვგმობდე, ან რას ვცოდვიდე! 

10 
ვინც გიხილოს, ინატვრიდეს კვლავცა გნახოს, კვლავცა გნახოს. 
გნახოს ცნობას ისურვიდეს და რა გიცნას შენთვის ახოს.









http://444.ucoz.es/blog/2010-02-26-1181

,,გოგჩა’’ ალექსანდრე ჭავჭავაძე



გოგჩა, ტბა ვრცელი, ხმოვანებით ზღვისა მბაძავი, ოდესმე ზვირთთა აღქაფებით ჰღელავს მრისხანედ; ზოგჯერ, ვით ბროლი გულ-უბრყვილო, წმინდა, უძრავი, თვის შორის ჰხატავს ცისა ლაჟვარდს და მთათა მწვანეთ. მაგრამ ნაქცევნი მისთა კიდეთ ძაძით მმოსველნი, საგლოვო ნაშთნი შენობათა კვლავ ეროვანთა, სად ჰყვავებულან დიდებულად ქალაქნი ვრცელნი და სად დღეს ვჰხედავთ ოდენ ბუთა და ნატამალთა. - ჭმუნვათა თვისთა მნახველთაცა აზიარებენ უდაბურება, მჩუმარება, არა-რაობა. თვალსა და გულსა კაცისასა სევდით ავსებენ, და უნებლიეთ წარმოდგება ოხვრით ეს გრძნობა: აჰა, პალატთა დიდებულთა ნგრეული ნაშთი. აჰა, ქალაქთა ჩინებულთა ხვედრი უცილო, აჰა, ჩვენისა მომავლისაც ნამდვილი ხატი; მხოლოდ აწმყოზე რას დაბმულხარ, ხედვავ ბრმობილო! 
ესე კამარა ძლივ საცნობო ყოფილ ტაძარად, სად კვლავ მეფენი მოწიწებით იდრეკდნენ მუხლთა, სად ღვთის დიდება მორწმუნეთა ესმოდათ მტკბარად, და ცისა მიმართ გრგვინვიდიან ხმანი ფსალმუნთა, - 
დღეს ეს ნაქცევი, სახიერად მაჩრდილობელი, ჰხედავს თვის ქვეშე დამჩოქველად ოდენ პირუტყვთა, ზოგჯერ ნადირთა, ზოგჯერ მხეცთა, და ხან წარმვლელი მუნ შეაფარებს საქონელთა, შორით ზიდულთა! 
ეს გროვა ქვათა სახე შლილის ოთხკუთხედისა ადგილ არს, სადა სავაჭრონი მდიდრად წყობილან; სომეხნი, მხნენი ხელოვანნი მომგებლობისა, პირსა ქვეყნისას ამა საქმით ადრივ ცნობილან. 
მაშინ მათ შორის ხშირ ყოფილა ქურურთა მქონე არა-თუ ვერცხლით, ნდობითაცა ყოვლად მდიდარნი. აწ მტვრად აღგვილან იგი ძალი და იგი ღონე; მათთა განთქმულთა შეძლებათა წარშლიან კვალნი! 
მიხედე ამა ვრცელსა ვაკეს ქვა-ყრილსა ბნელად, კვლავ ასპარეზსა, სად ჰქონიათ ტაიჭთა სრბოლა, ჩოგნით ტაცება ჭაბუკ-მხედართ გამოსაცდელად, შუბთა ტრიალი, ჯირითთ ტყორცნა და ისართ სროლა. 
ერთგზის ესეცა ქვანი შავნი, დღეს დახავსილნი, ურთიერთთანა კავშირობით ამაღლებულან; მკუთვნელნი მათნი, ბედნიერნი და კმაყოფილნი, ოდესმე მათში განცხრომილან და განშვებულან. 
აქაცა მჯდარა ძალი მაღალს ტახტსა ამაყად, წყალობათა და რისხვის ფრქვევით მმართველი ერთა; აქაც უღრღნიათ შურსა, მტრობას გულები ხარბად; ტრფიალნი აქაც შემსჭვალვიან კვლავ ერთმანერთთა. 
რავდენთ ბანოვანთ შვენებანი ახლად მშლილობნი ჭავლის სიწმინდეს მიუზიდავს ნაპირს ამ ტბისას; ვარდნი, ზამბახნი და მიხაკნი, და გიშრის მწყობრნი რავდენგზის ტურფად გარდუღია სარკესა წყლისას. 
რავდენგზის მთვარეს, თავ-მომწონეს მათთან შთახედვით, უგრძნვია თვისი ჩაგრულ-ყოფა და მოღრუბლვილა! მაგრამ რა?!. დროსა მსრველის ცელით, ყოვლთა წარწყმედით, ციურთა მჯობი მშვენებლობაც სხვათებრ მოსთვლილა! 


ალექსანდრე ჭავჭავაძის პოეტური სტილის პრობლემა


 

თამარ ლომიძე
ქართველ რომანტიკოს პოეტთა შემოქმედების ბევრი ასპექტი ჯერ კიდევ წარმოადგენს მეცნიერული პოლემიკის საგანს. ეს განსაკუთრებით შეეხება ალ. ჭავჭავაძეს, რომლის ნაწარმოებებში ესა თუ ის მკვლევარი პოულობს სრულიად განსხვავებული ლიტერატურული მიმდინარეობებისთვის დამახასიათებელ ნიშნებს და, ამ უკანასკნელთა ინტერპრეტაციის შესაბამისად, მიაკუთვნებს მის პოეტურ მემკვიდრეობას რომანტიზმს, კლასიციზმს, სანტიმენტალიზმს ან მიიჩნევს ძველი ქართული ლირიკის განვითარების უკანასკნელ საფეხურად, და ა.შ.
უნდა ითქვას, რომ პოლისტილურობა, რომლითაც აღბეჭდილია ალ. ჭავჭავაძის შემოქმედება, საერთოდ, დამახასიათებელია XVIII ს. დასასრულისა და XVX ს. პირველი ნახევრის ლიტერატურისთვის. ასე, მაგალითად, რომანტიკული და რეალისტური პოეტიკის ნიშნები ერთდროულად გვხვდება „დიდი რეალისტის“, ბალზაკის „ადამიანურ კომედიაში“; ასევე, პუშკინმა, რეალიზმის პოზიციებზე გადასვლისას, საბოლოოდ როდი შეაქცია ზურგი რომანტიზმს, არამედ დიდწილად თავისი სიჭაბუკისდროინდელი რომანტიკული მრწამსის ერთგული დარჩა. გ. გაჩევის თქმით, „ამ პერიოდში არსებობს ხელოვნებისა და ლიტერატურის ორი ტიპი: ერთი მხრივ, გოეთე-შილერის, მოცარტ-ბეთჰოვენის სინთეზური ხელოვნება, მეორე მხრივ კი - რომანტიზმი...“ (5,150). საზოგადოდ, აღიარებულია, რომ რომანტიზმის ეპოქაში სრული განვითარება ჰპოვა სტილების ურთიერთჩანაცვლების, მათი „თამაშის“ იდეამ.
ტერმინი „სინთეზური“ აღწერითი ხასიათისაა და ვერ განმარტავს რომანტიზმის ეპოქაში პოლისტილური ხელოვნების ფართოდ გავრცელების მიზეზებს, თუმცა ის მაინც უფრო ადეკვატურია, ვიდრე ამგვარი ხელოვნებისთვის დამახასიათებელი სტილური მრავალფეროვნების უგულებელყოფა, რაც გამოიხატება, მაგალითად, ალ. ჭავჭავაძის პოლისტილური პოეზიის მიკუთვნებაში ხან ერთი, ხან - მეორე ლიტერატურული მიმდინარეობისადმი.
როგორც ჩანს, აქ გარკვეული როლი შეასრულა ე. წ. ასოციაციური აზროვნების ინერციამ, რომელიც გულისხმობს ორი მოვლენის (ამ შემთხვევაში - ამა თუ იმ ლიტერატურული მიმდინარეობის და, მეორე მხრივ, ალ. ჭავჭავაძის შემოქმედების) შესახებ მეტ-ნაკლებად სტატიკური წარმოდგენების ურთიერთშეკავშირებას და, შედეგად, ცალმხრივი დასკვნების გამოტანას. ამგვარი კვლევისას მეცნიერის თვალთახედვის არის მიღმა რჩება შესასწავლი მასალის კონკრეტული, განუმეორებელი თავისებურებანი.
ასოციაციური აზროვნება (სემიოტიკის მამამთავრის - ფერდინანდ დე სოსიურის მიხედვით) ენის, ენობრივი პლანის დამახასიათებელია. ის არ ითვალისწინებს ტექსტების არსებით ასპექტებს, კერძოდ, მათ სისტემურობას, მათში მონაწილე ერთეულების სინტაგმატურ ურთიერთმიმართებებს ანუ მათ სტრუქტურას.
რას გულისხმობს ტექსტის ერთეულთა სინტაგმატური მიმართებების ანალიზი? ესაა ტექსტის განხილვა მეტყველების პლანის გამოვლინების სახით, ანუ გათვალისწინება იმისა, რომ ტექსტში, როგორც სისტემაში, „თითოეული წევრი ნიშნობრივი ღირებულებით აღიჭურვება მხოლოდ წინამორბედ ან მომდევნო (ან ორივე) წევრთან შეპირისპირების მეშვეობით“ (8; 155).
ალ. ჭავჭავაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილ გამოკვლევებში მის ტექსტთა შეპირისპირების ნიშანწყალიც კი არ შეიმჩნევა. პირიქით, იზოლირებულად განიხილება პოეტის სატრფიალო ლირიკა, ეროვნული და სოციალური თემატიკისადმი მიძღვნილი ლექსები და, ბოლოს, „გოგჩა”.
(სინტაგმატური მიმართებები ანუ ტექსტის სტრუქტურა ყურადღების ცენტრში მოექცა უკვე რუს ფორმალისტთა ნაშრომებში, აგრეთვე - სტრუქტურალიზმსა და შემდეგდროინდელ თეორიულ კონცეფციებში. ამ მხრივ განსაკუთრებით დამახასიათებელია ბახტინისეული კონცეფცია დიალოგიზმის შესახებ და თვით ტერმინი დიალოგურობა, რომელიც აშკარად მიუთითებს ავტორის მიერ ტექსტის, როგორც მეტყველების პლანისადმი მიკუთვნებული ფენომენის განხილვის შესახებ. ასოციაციური აზროვნების პრინციპებით ვერასოდეს გამოვლინდებოდა დოსტოევსკის რომანების პოლიფონიურობა, მათი დიალოგიზმი. ენა დიალოგური ვერ იქნება, დიალოგური შეიძლება იყოს მხოლოდ მეტყველება. პოლიფონიურობის ცნება შემდგომ მოგვევლინა ინტერტექსტუალობის საყოველთაოდ ცნობილი პრინციპის სახით).
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მეცნიერთა ერთი ნაწილი ლიტერატურის განვითარების სინთეზურ ანუ პოლისტილურ ეტაპს, რომელიც წინ უძღოდა რომანტიზმს, წინარერომანტიზმს ანუ „პრერომანტიზმს“ უწოდებს. მათი აზრით, ეს უკანასკნელი სწორედ სტილური ეკლექტიზმის გამო არ მიეკუთვნება რომანტიზმს. ამასთან, თუ დადასტურდება, რომ სტილური ეკლექტიზმი სწორედ რომანტიზმმა შემოიტანა, მაშინ ჟბჟ საუკუნის პირველი ნახევრის ყოველი პოლისტილური ლიტერატურული ფენომენი რომანტიზმს უნდა მივაკუთვნოთ.
ასეთ შემთხვევაში უნდა ვაღიაროთ, რომ რომანტიზმის პოეტიკის პრინციპები პოლისტილურ ხელოვნებაში მეტად სპეციფიკური ფორმით ვლინდება.
ამავე თვალსაზრისის თანახმად, ალ. ჭავჭავაძის შემოქმედებაში კლასიცისტური პოეტიკის ელემენტების მონაწილეობა არ ნიშნავს, რომ პოეტი, თავისი მრწამსით, კლასიცისტი იყო. იგივე შეიძლება ითქვას სხვა მიმდინარეობათა მიმართ.
* * *
ყოველთვის, როდესაც ამა თუ იმ ხელოვანის მიერ შექმნილ მხატვრულ ტექსტებში ვლინდება ურთიერთგანსხვავებული მიმდინარეობებისთვის დამახასიათებელი ნიშნები, შეიძლება ვიმსჯელოთ არა მარტო ავტორის მრწამსის ევოლუციის (ან კიდევ - „სინთეზურობის„) შესახებ, არამედ - სინქრონულ ჭრილში - მის ცნობიერებაში განსხვავებული თვალსაზრისებისა და, შესაბამისად, „ხმების“ თანაარსებობის შესახებ. ისეთი შემთხვევებისგან განსხვავებით, როდესაც „ხმების“ „დიალოგი“ წარიმართება ცალკეული ტექსტების ჩარჩოებში (ამის ნიმუშს წარმოადგენს, მაგალითად, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქმნილებები), მათი ურთიერთმიმართება თავს იჩენს ყველა ტექსტის როგორც ერთიანი სისტემის (რომლის ელემენტებადაც გვევლინებიან ცალკეული ნაწარმოებები, ან მათი თემატურად ან კიდევ - სხვა პრინციპით ორგანიზებული ჯგუფები) ფარგლებში.
სწორედ ალ. ჭავჭავაძის ნაწარმოებთა თემატური შეპირისპირება იძლევა მათი ახლებურად გააზრების შესაძლებლობას. კერძოდ, აქ გასათვალისწინებელია, პირველ რიგში, „გოგჩისა“(და თემატურად რომანტიზმისადმი მიკუთვნებული სხვა ლექსების) და, მეორე მხრივ, ალ.ჭავჭავაძის შემოქმედების მთელი დანარჩენი ნაწილის ურთიერთმიმართება. ამ უკანასკნელის შესაბამისობას პოეტის ჭეშმარიტ განწყობილებებთან, ერთგვარად, ეჭვქვეშ აყენებს „გოგჩა“, მისი ტრაგიკული, რომანტიკული მსოფლაღქმით, და ხელოვნურობის იერსაც კი ანიჭებს მას. შემთხვევით როდი წერდა კიტა აბაშიძე, რომ ალ. ჭავჭავაძეს „ერთხელაც არ მოუმართავს თავისი ქნარი ისე, რომ კვნესით აღსავსე ჰანგები არ დაემღერებინოს ზედა, ერთხელაც არ ჩამოუკრავს სიმები თავისი ჩონგურისა, რომ ცრემლის მომგვრელი სამგლოვიარო ხმები არ გამოეცეს მის ჩონგურს“ (1; 22).
დაახლოებით მსგავს თვალსაზრისს გამოთქვამდა გ. ასათიანიც: „ალ. ჭავჭავაძის ჯედონიზმი პესიმისტური წარმოშობისაა და სამყაროს გარდუვალ, სასტიკ ძალთა წინაშე ადამიანის ფიზიკური უმწეობის, მისი წარმავლობისა და ბედუკუღმართობის შეგნებაში ჰპოვებს თავის ნიადაგს“ (2; 104).
ეს ინტუიციურად მიგნებული მართებული დასკვნები დამატებით დადასტურებას საჭიროებს, რაც შეიძლება განხორციელდეს ალ. ჭავჭავაძის ზოგიერთი სტილური ნიშნის ანალიზის მეშვეობით.
კერძოდ, ალ. ჭავჭავაძის ენობრივი სტილი, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას იპყრობს მრავლობითი რიცხვის ფორმების ხშირი გამოყენებით: „მდგმურთა“, „ჭურთა“, „მზაკვარნი სულნი“... („ვაჰ, სოფელსა ამას“); „ჰკვნესს გული, ძმანო“...(„პყრობილისაგან თანაპყრობილთა მიმართ“); „შენობათა“, „ქალაქნი“, „პალატთა“, „ბანოვანთ“, „ხელოვანნი“ („გოგჩა“) და ა.შ.
ხშირად გვხვდება განმაზოგადებელი მეტონიმიები: „ძალი დავალს ღიმით ნაქცევთა ზედა“ („ვაჰ, სოფელსა ამას„), „აქაცა მჯდარა ძალი მაღალს ტახტსა ამაყად“ („გოგჩა„) და სხვ.
განსაკუთრებით დამახასიათებელია სინეკდოქეებისა და გაცვეთილი მეტაფორების ხმარება. ყველა ამ ელემენტს ერთი და იგივე ფუნქცია აკისრია, კერძოდ, თუ მრავლობითი რიცხვი ახორციელებს საგანთა განზოგადებას და შესაბამისად, მათი, როგორც თვისებრივად განუსხვავებელი ობიექტების ერთობლიობის წარმოდგენას, სინეკდოქეები, თავის მხრივ, „ამქრქალებენ საგანთა კონტურებს“ (რ. იაკობსონი) და გაცვეთილი მეტაფორებიც ერთგვარად ნიღბავენ საგანთა კონკრეტულ ნიშან-თვისებებს.
ობიექტური სამყაროს ალ. ჭავჭავაძისეული ხედვა, ფაქტობრივად, მისი „არხედვაა“, რაც გულისხმობს პოეტის მიერ ამ სამყაროსადმი უარყოფით დამოკიდებულებას. „უცხო“სამყარო - უძრავი, სტატიკური და ბრტყელია. ამ სამყაროში არ მოიპოვება დისკრეტული ობიექტები და ამიტომ ის დაუნაწევრებლად აღიქმება, უცხოენოვანი მეტყველების მსგავსად...“; ამასთან, „უცხო საგნები და საგნობრივად აღქმული ცოცხალი არსებები წარმოქმნიან ერთიან, დაუნაწევრებელ, მტრულ მასას, რომელიც შედგება აბსოლუტურად იგივეობრივი, ერთი და იმავე სახელწოდების მქონე ერთეულებისგან“.(7; 58).
აქედან გამომდინარე, ალ. ჭავჭავაძესთან მრავლობითი რიცხვის ფორმები, მეტონიმიები (სინეკდოქეები) და გაცვეთილი მეტაფორები იმავე როლს ასრულებს, რაც ეკისრება „ბინდის“, „შემოღამების“ მოტივს ნიკოლოზ ბარათაშვილთან და, საერთოდ, მთელ რომანტიკულ მწერლობაში.* „ბინდის“ მოტივი წარმოქმნის სამყაროს როგორც „უცხო“, „შემზარავი“მოცემულობის ხატს. ასევე აღიქვამს გარემოს ალ. ჭავჭავაძე. პოეტისთვის გარესამყარო „უცხო“ სამყაროა, რომელშიც მისი თვალთახედვა ვერ არჩევს კონკრეტულ საგნებს მათთვის დამახასიათებელი ინდივიდუალური თვისებებით.
კიდევ უფრო საინტერესოა ალ. ჭავჭავაძის ქმნილებებში ხორცშესხმული „მე„-ს კონცეფცია.
ვფიქრობთ, მართებული არაა თვალსაზრისი, რომლის თანახმად, „ალ. ჭავჭავაძის სატრფიალო ლირიკის მთავარ საგანს ადამიანის პირად, სუბიექტურ განცდათა სამყარო წარმოადგენს... ამ მხრივ იგი მართლაც ჩამოყალიბებული ინდივიდუალისტია, როგორც ეს არაერთგზის აღნიშნულა მისი შემოქმედების მკვლევართა მიერ“ (2;105).
თუმცა ალ. ჭავჭავაძის პოეზიაში „სუბიექტურ განცდათა სამყარო“ მართლაც წარმოჩენილია, მაგრამ ის სულაც არ გახლავთ ინდივიდუალისტი. პოეტი არ ასახავს სამყაროს ორიგინალური, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თვალთახედვით. მისი განცდები-მისივე სოციალური წრის განცდებია.
პოეტის „მე“წარმოგვიდგება, როგორც „ჩვენ“-ის, ე.ი. ჯგუფური, არაინდივიდუალური (და არა - ინდივიდუალისტური, საზოგადოებისადმი დაპირისპირებული) სუბიექტის მეტონიმიური გამოხატულება. ამგვარი „მე“ გამორიცხავს თვითანალიზს.
ალ. ჭავჭავაძის მსოფლშეგრძნებაში სამყარო ორადაა გაყოფილი: „ჩვენ“და „ისინი“, „საკუთარი“და „უცხო“ სამყაროები. ეს ანტინომია უკვე შეესაბამება პიროვნების რომანტიკულ კონცეფციას, მის გაორებას, წინააღმდეგობრიობას, თუმცა მას ჯერ კიდევ არ მიუღწევია ნიკოლოზ ბარათაშვილის მსოფლაღქმის ტრაგიზმამდე, ანუ პიროვნებისა და საზოგადოების, პიროვნებისა და მისი შინაგანი ორეულის, პიროვნებისა და სამყაროს მძაფრ, გაშიშვლებულ, აშკარად გამოხატულკონფლიქტამდე.
რა შინაარსი აქვს ამ „უცხო“ სამყაროს? და აქვს თუ არა მას, საერთოდ, კონკრეტული შინაარსი? აშკარაა, რომ „უცხო“სამყარო მოიცავს ყოველივეს, რაც „ჩვენ“ არ არის, ხოლო „ჩვენ“, რა თქმა უნდა, პოეტის „მიკროსამყაროა“, „სადაც ადამიანი ჩვეულ ატმოსფეროს ისუნთქავს და მყარ ნიადაგზე თავს ლაღად გრძნობს“ (5; 149), ანუ ესაა მისი უახლოესი სოციალურ გარემო.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ალ. ჭავჭავაძის პოლისტილური შემოქმედება ერთმნიშვნელოვნად განეკუთვნება არა პრერომანტიზმს, არამედ - საკუთრივ რომანტიზმს, ხოლო თვით ეს „პოლისტილურობა“პოლიფონიურობის ერთგვარ გამოხატულებად გვევლინება. ვფიქრობთ, პოლისტილურობა და პოლიფონიურობა ურთიერთს ემთხვევა სწორედ რომანტიზმის ეპოქაში, როდესაც იწყება პიროვნების ცნობიერების მონოლითურობის რღვევა და საფუძველი ეყრება მისი შინაგანი გაორების პროცესს.
როგორ აღიქმება ამგვარ ფონზე ალ.ჭავჭავაძის სატრფიალო ლექსები, მისი „წარმართული სენსუალიზმი“?
ამ ნაწარმოებების ყველაზე აშკარად გამოხატულ სტილურ თავისებურებას წარმოადგენს სატრფოს გარეგნობის დეტალური აღწერა. ერთი შეხედვით, ალ. ჭავჭავაძის ეს მანერა ბესიკის სტილს მოგვაგონებს, მაგრამ მათ შორის არსებითი განსხვავება შეიმჩნევა.
ბესიკთან დეტალი სინეკდოქეს, ე. ი. pars pro toto -ს ფუნქციით გამოიყენება („ზილფო ნაშალო...“, „მთიებო პირო'), მაგრამ არასოდეს ჩრდილავს სატრფოს სახეს, მით უმეტეს, რომ სინეკდოქეს, ჩვეულებრივ, მოსდევს უშუალო მიმართვა ამ toto -ს, ე. ი. სატრფოსადმი: „კეკლუცო, ნაზო, შენ ლამაზო, ბროლ-ფიქალალო“ (შდრ. აგრეთვე: „ტანო ტატანო... ზილფო კავებო...“ და იქვე: „პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო„). ზოგჯერ დეტალი მშვენიერი ქალის გარეგნობის ერთ-ერთი ნიშნის სახით წარმოგვიდგება („თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შეგშვენის მწველად“ და ა. შ.).
ბესიკისაგან განსხვავებით, ალ. ჭავჭავაძე მიმართავს ქალის გარეგნობის ატრიბუტების, მისი სხეულის ნაწილების გროტესკულ განკერძოება-გაცოცხლებას და ტრფობის ობიექტების სახით სწორედ მათ ასახელებს:
„საროს ტანისთვის დაგვეკარგვის სასუფეველი...“
(„მუხამბაზი“)
„ბაგე ვარდო, ნამით სველო, სუნნელთაგან მომსუნთქველო,
შუქმან შენმან განმანათლოს, ო, სპეტაკო ზამბახთ ველო!“
(„ჟამნი რბიან“)
„ვეტრფი სატრფოთა თვალთა,
ღაწვ-ვარდთა, ბაგე-ლალთა“
(„უწყვლივარ ჭირთა მალვას“)
„ალვასა წვრილსა, ორ შტოვანსა გული ემონვის,
ექადის ხვევნად, უბის ვარსკვლავთ შორით ეკონვის...“
(„მუხამბაზი“)
„ვაქე, თავსა თმა მდიდარსა, რომელსა, გლახ, უბამს გული“
(„ვაქე, თავსა“)
და სხვა.
ამ სტილური ხერხის მეშვეობით დეტალი სატრფოს სახის რეპრეზენტირებას (სინეკდოქეს პრინციპი) კი არ ახდენს, არამედ თვითონ იკავებს მის ადგილს. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ სატრფოს გარეგნობა ერთგვაროვანი მეტაფორული გამოთქმებით აღიწერება - მისი ტანი ყოველთვის „საროა“ ან „ალვა“, ღაწვები და ბაგეები - „ვარდნი“, „ძოწნი“, „ბალახში“, თვალები - „მელნის ტბანი“, რის შედეგადაც სატრფო წარმოგვიდგება უპიროვნო და უსიცოცხლო მარიონეტის სახით. სწორედ ამ გზით ხორციელდება სატრფოს სახის გროტესკული დეფსიქოლოგიზაცია.
საყურადღებოა თვით სიყვარულის ალ. ჭავჭავაძისეული კონცეფციაც. ლექსი „სიყვარულო, ძალსა შენსა“ უშუალოდ მიგვანიშნებს, რომ „ბერი, ერი, მეფე, ძმაცა“ სიყვარულს კი არ განიცდიან, არამედ - „ჰმონებენ“, რაც გულისხმობს ადამიანთა იერარქიული სოციალური და ა. შ. როლებისა და ფასეულობითი ოპოზიციების ურთიერთშენაცვლებას, ეს კი, ბახტინის მიხედვით, დაღმასვლით, ზემოდან ქვემოთ ხორციელდება (შესაბამისად, ალ. ჭავჭავაძესთან: “...მეფე მონას ეყმოს, ...ბრძენი ხელად რებდეს“). მაშასადამე, სიყვარული მხოლოდ სახელწოდებაა იმ გარეშე ძალისა, რომელიც ადამიანებს მარიონეტებივით ათამაშებს.
ამგვარად, ალ. ჭავჭავაძისთვის დამახასიათებელია ყოფიერების კარნავალური აღქმა. პოეტი ამ კარნავალს „აღრეულობას“ (რაც თითქმის ზუსტად შეესაბამება ბახტინისეულ გამოთქმას „бессвязность миропорядка“) უწოდებს:
„აღრეულობის შიშები ვისაც არ გამოეცადოს,
მან მშვიდობისა სწორფასი ვერ დასდვას, რაზომც ეცადოს,
უბედურების ცხარს ცრემლსა ჯერ უნდა ბევრჯერ ეხადოს,
რომ კაცი დასტკბეს შემდგომად, როს ბედი გამოეცხადოს“.
ეს „აღრეულება“ არ უნდა მივიჩნიოთ ომად, ომიანობად („მშვიდობის“ ოპოზიციურ ცნებად); არამედ - სწორედ უწესრიგობად, ცვლილებად (იხ. მაგალითად, გამოთქმა „მელნისა ტბათა აღრეულება“ ლექსში „ავათმყოფობის ჟამს მიწერილი„), ცხოვრების კარნავალურ შეტრიალებად. სიტყვა „მშვიდობა“ კი აქ, როგორც ჩანს, ოდინდელ, კარნავალამდელ მსოფლწესრიგს აღნიშნავს.
აღრეულება ტოტალურია, მაგრამ დროებითი - ყოველგვარი კარნავალი ადრე თუ გვიან მთავრდება. კარნავალის დასასრული ალ. ჭავჭავაძეს წარმოუდგება, როგორც იმ ძველი პატრიარქალური ცხოვრების დაბრუნება, რომელსაც პოეტი „გოგჩაში“ ასე შენატრის.
სამყაროს, როგორც საშიშარი თეატრისა და ადამიანების, როგორც მარიონეტების გააზრება ცხადჰყოფს, რომ აქ საქმე გვაქვს რომანტიკულ გროტესკთან: „რომანტიკული გროტესკის სამყარო ესაა მეტ-ნაკლებად შემზარავი და ადამიანისთვის უცხო სამყარო. ყველაფერი ჩვეული, ნაცნობი, ყოფითი, მკვიდრი იქცევა უცხო სამყაროდ“ (4,331). სწორედ ასეთია არსებობის ჭეშმარიტი (ტრაგიკული) აღქმა, რომელიც თავს იჩენს ალ. ჭავჭავაძის ნაწარმოებებში.
წინამდებარე ნაშრომში შევეცადეთ, წარმოგვედგინა ალ. ჭავჭავაძის შემოქმედების სიღრმისეული შრეების შესწავლის ერთგვარი წინასწარი მონახაზი. ამ კუთხით შესწავლას საჭიროებს აგრეთვე სხვა ქართველი რომანტიკოსი პოეტების და, განსაკუთრებით, გრიგოლ ორბელიანის ქმნილებები.
დამოწმებული ლიტერატურა: 1. კ. აბაშიძე, ეტიუდები. თბ., 1962; 2. გ. ასათიანი,„ვეფხისტყაოსნიდან“ „ბახტრიონამდე“. თბ., 1974; 3. ირ. კენჭოშვილი, წინასიტყვაობა წიგნისა „ალექსანდრე ჭავჭავაძე. თხზულებები“, თბ., 1986; 4. Бахтин М.М. Литературно-критические статьи. М.,5. Гачев Г.Д. Жизнь художественного сознания. М., 1972 6. Пеньковский А. Б. О семантической категории “чуждости” в русскоом языке - Проблемы структурной лингвистики 1985-1987. М., 7. Соссюр Ф.Д. Труды по языкознанию. М., 1977.
Tamar Lomidze
Problem of Alexander Chavchavadze's Poetic Style
The article characterizes the stylistic peculiarities of the works of the famous Georgian poet. It has been found out that the universe in his disposition is divided into “private” and “strange” worlds. It is indicated that the elements of the romantic grotesque are revealed in Alexander Chavchavadze's works.

თავადი ალექსანდრე ჭავჭავაძე (1786-1846)



ალექსანდრე ჭავჭავაძე
შესავალი
XIX საუკუნე საქართველოში ეპოქალური ცვლილებების ხანად ითვლება; ეს ის დრო გახლავთ, როდესაც პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული რეალობის თვალშისაცემი ტრანსფორმირება მიმდინარეობს, ხოლო მთელი ეს პროცესი დასავლური იდეალებისა და ფასეულობათა ზეგავლენის ქვეშ ვითარდება. ალექსანდრე ჭავჭავაძემ – პოეტმა, მთარგმნელმა, სამხედრო პირმა და საქმიანმა ადამიანმა, ქართული რომანტიზმის ფუძემდებელმა – უდიდესი როლი შეასრულა ახალი ფასეულობების დამკვიდრებასა და სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის პროპაგანდაში, რითაც საქართველოს კულტურის ტრაექტორია სრულიად ახალი მიმართულებით წარიმართა. მოკლედ რომ ვთქვათ, მან თავის ერს განუზომლად დიდი კულტურული მემკვიდრეობა დაუტოვა და მისი სამაგალითო ცხოვრებითა და მიღწევებით ქართველებათვის ერთგვარ გამოწვევადაც კი იქცა.
მამამისი, გარსევან ჭავჭავაძე (1757-1811) გავლენიანი პიროვნება და წარმატებული პოლტიკოსი იყო. რუსეთში საქართველოს დესპანისა და რუსეთის იმპერატორის კარზე ქართლ-კახეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის სტატუსით, 1784-1801 წლებში იგი სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობდა. მეფე ერეკლე II დიდად აფასებდა მის დიპლომატიურ ნიჭსა და უნარს; იგი რუსეთის სამეფო კარზედაც კარგი რეპუტაციით სარგებლობდა. იმ მაღალი შეფასების დასტურად, რაც გარსევანს რუსეთის სამეფო კარზე გააჩნდა, მისი ვაჟი ალექსანდრე, რომელიც სანკტ-პეტერბურგში დაიბადა, იმპერატრიცა ეკატერინე II-ემ მონათლა. მეფე ერეკლეს პატივისცემამ და აღფრთოვანებამ შედეგი გამოიღო და გარსევანს კახეთში საჩუქრად ვრცელი მამულები გადაეცა, რომლებიც ცივგომბორიდან კავკასიონის ქედის სამხრეთ მისადგომებამდე იყო გადაჭიმული.
პოეტის დედა, მარიამ ავალიშვილი (1758-1836), ცნობილი ქართველი დრამატურგის, გიორგი ავალიშვილის არისტოკრატული ოჯახიდან გახლდათ. მისი თანამედროვეები მარიამს ახასიათებდნენ როგორც გამჭრიახ და განათლებულ ქალბატონს; თავის ერთადერთ ვაჟს, ალექსანდრეს, პირველადი განათლება სწორედ მან მისცა.
ბავშვობა და განათლება
ბავშვობიდანვე ალექსანდრე ჭავჭავაძე ელიტურ წრეებში ტრიალებდა და პროგრესულ იდეალებზე აღიზარდა. არისტოკრატულმა წარმომავლობამ, მამამისის დიპლომატიურმა კარიერამ და კოსმოპოლიტურმა აღზრდამ მის პიროვნებაში განმანათლებლური ღირებულებებისა და რწმენის ჩამოყალიბებაში შესაბამისი როლი შესრულა.
თანამედროვეები ალექსანდრე ჭავჭავაძეს ახასიათებდნენ, როგორც გამორჩეულად განათლებულ ადამიანს. მაგალითად, გერმანელი მოგზაური კარლ კოხი წერდა, რომ ის არის “ზედმიწევნით განათლებული ქართველი, რომელმაც ხანგრძლივი ვადით სანკტ-პეტერბურგსა და დასავლეთ ევროპაში ყოფნა ისეთი მაღალი რანგის ცოდნის შესაძენად გამოიყენა, შორეულ ამიერკავკასიაში ძნელადრომ მოიპოვება”. ისტორიულ წყაროებში აღნიშნულია, რომ იგი განსწავლული იყოისტორიაში, გეოგრაფიაში, სტატისტიკაში, ფიზიკაში, ლოიკაში, მათემატიკაში, სამხედრო მეცნიერებებსა და სოფლის მეურნეობაში; მშობლიურ ქართულთან ერთად, მას რამდენიმე უცხო ენაზედაც შეეძლო საუბარი. სპარსული და თურქული ენების გარდა, რომლებიც იმდროინდელი საქართველოს არისტოკრატულ წრეებში ერთგვარ მოდად ითვლებოდა, იგი რუსულ, ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებსაც ფლობდა. უცხო ენების ფართ ცოდნამ ალექსანდრეს საშუალება მისცა, ეთარგმნა მრავალი მწერლის ნაწარმოები ეზოპეს, კორნელის, ვოლტერის, ლაფონტენის, ჰიუგოს, პუშკინისა და ოდოევსკის ნაშრომების ჩათვლით. მის თარგმანებს შორის რამდენიმე პიესასაც ვხვდებით. იგი აგრეთვე პროფესიონალური თეატრალური ხელოვნების წამომწყებიც გახლავთ საქართველოში; მუდმივმოქმედი ქართული თეატრის დაარსების იდეა პირველად მის ოჯახში ჩაისახა.
სამხედრო კარიერა და ეროვნული მრწამსი
ალექსანდრე ჭავჭავაძის პირველი ოფიციალური თანამდებობა რუსული არმიის ოფიცრობა გახლდათ. მისი სამხედრო სამსახურის ნიშანსვეტებია:
  • 1809 წელს დაამთავრა პეტერბურგის ვაჟთა სამხედრო სასწავლებელიიმავე წელს კავალერისტად გადაიყვანეს ჰუსარების პოლკში, სადაც პირადი დაცვის სამსახურის უმცროსი ლეიტენანტი გახდა;
  • 1810 წელს მან ლეიტენანტის ჩინი მიიღო. იმავე წელს გამორჩეული წარმატების გამო გენერალ-ლეიტენანტის სტატუსი მიანიჭეს და მარკიზ პოლუშის ადიუტანტად გააწესეს;
  • 1813-1814 წლებში რუსი სამხედრო მეთაურის, გენერალ ბარკლაი დე ტოლის ადიუტანტად მსახურობდა და 1814 წელს პარიზის ბრძოლაში დაიჭრა კიდეც;
  • 1828 წელს სომხური ქალაქის, ერევნის, სპარსელებისაგან განთავისუფლების შემდეგ გენერალ-მაიორი გახდა;
  • 1841 წელს გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიიღო;
  • 1843 წელს თავის ბოლო ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ლეკების წინააღმდეგ ჩრდილო კავკასიაში მიმდინარეობდა.
სამხედრო კარიერის მანძილზე ალექსანდრემ მრავალ მნიშვნელოვან ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა როგორც საკუთრივ რუსეთის იმპერიის საზღვრებს შიგნით, ასევე საზღვარგარეთაც. აქ იგულისხმება ნაპოლეონის არმიის წინააღმდეგ გამართული კამპანია მოკავშირეებთან ერთად, რომელიც საქსონიასა და საფრანგეთში 1813-1814 წლებში მიმდინარეობდა და რომლის დროსაც იგი საბრძოლო მეთაურის, გენერალ ბარკლაი დე ტოლის შტაბში ადიუტანტად მსახურობდა. ამ კამპანიაში მონაწილეობისათვის მას რამდენიმე პრესტიჟული სამხედრო ჯილდო, მათ შორის საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი მიენიჭა.
მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე რუსეთის იმპერიის არმიაში მსახურობდა, იგი თავგამოდებით იცავდა საკუთარი ერის ინტერესებს. სამხედრო კარიერის დაწყებამდე, 1804 წელს, იგი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის, მთიულეთის აჯანყებაში, რის გამოც დააპატიმრეს და ყიზლარის საპყრობილეში გაამწესეს. თუმცა, იმის გამო, რომ რუსეთის მთავრობაში მამამისი დიდი პატივისცემით სარგებლობდა, მალე შეწყალებულ იქნა. მოგვიანებით, 1832 წელს, იგი გახდა ერთ-ერთი ორგანიზატორი შეთქმულთა ჯგუფისა, რომელიც ეროვნული დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქართველი დიდგვაროვნებისაგან შედგებოდა. ამის გამო კვლავ დააპატიმრეს და ერთი წლით ტამბოვში გადაასახლეს. მისი ცხოვრების ამ საფეხურების გავლის შემდეგ რუსეთის მთავრობამ ალექსანდრე შემოირიგა. მიუხედავად ამისა, 1836 წელს მან დაწერა “მოკლე ისტორიული თხზულება საქართველოს შესახებ 1801-1831 წლებში”, სადაც იგი შეეცადა კოლონიური რეჟიმის მიერ საქართველოში ჩადენილი ბოროტება გამოეაშკარავებინა; წიგნის ავტორი ცდილობს ღიად ისაუბროს იმ არაადამიანური მოპყრობის შესახებ, რასაც რუსი კოლონიალისტები ქართველი ხალხის მიმართ იჩენდნენ. ალექსანდრემ ეს ნაშრომი რუსეთის იმპერატორს, ნიკოლოზ I-ს გაუგზავნა და ამით საჯაროდ განაცხადა თავისი ეროვნული პოზიციის შესახებ.
განმანათლებლობის შემოტანა საქართველოში
XIX საუკუნის ადრეული მონაკვეთის ქართველ საზოგადო მოღვაწეთა შორის ალექსანდრე ჭავჭავაძე აღიარებულია, როგორც პიროვნება, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა საქართველოს თანამედროვე ევროპაზე ორიენტირებულ საზოგადოებად გარდაქმნაში. სწორედ მან შემოიტანა ახალი, რომანტიკული სულისკვეთება ქართულ პოეზიაში, მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ გადამწყვეტი როლი საქართველოში ევროპული განმანათლებლობის ნაყოფის დანერგვაში სწორედ მას ეკუთვნის, რაც, ერთის მხრივ, კრიტიკულ აზროვნებასა და რაციონალიზმს, ისევე როგორც ხელოვნებასა და მეცნიერებაში უმაღლესი დონის მიღწევებს გულისხმობს, ხოლო, მეორე მხრივ, თავისუფლებისა და ჰუმანისტური ღირებულებების, ტოლერანტობისა და თანასწორობის იდეების დამკვიდრებას გამოხატავს.
ისტორიულად, დასავლურ სოციალურ ნორმებთან, ეთიკურ ღირებულებებთან, რელიგიურ რწმენასთან და წეს-ჩვეულებებთან სიახლოვემ საქართველო განყენებულ მდგომარეობაში მოაქცია თავის მეზობელ ერებთან შედარებით, რომლებიც უმალ სპარსულ-ისლამური კულტურებისადმი იყვნენ მიდრეკილნი. ამ სიახლოვის ძირები შორეულ წარსულში ანტიკური საბერძნეთის ელინისტურ ქალაქ-სახელმწიფოებთან საქართველოს ძლიერ კავშირებამდე მიდის. ამის შემდგომ საქართველოს ევროპული ორიენტაცია ქართულ და ბიზანტიურ კულტურებს შორის ურთიერთობაში გამოიხატა. მოგვიანებით დასავლური კულტურის ზეგავლენამ ქართულ-რუსულ ურთიერთობებშიც პოვა ასახვა. მიუხედავად იმისა, რომ 1782 წელს საქართველო ძალდატანებით მიუერთეს რუსეთის იმპერიას, რუსეთი აღმოჩნდა დერეფანი  ევროპასთან ურთიერთობისათვის და ამ კავშირმა გაუადვილა საქართველოს ევროპული იდენტურობის ჩამოყალიბება.
ალექსანდრე ჭავჭავაძემ წარმატებულად შეძლო ევროპული ცხოვრების წესის საკმაოდ ხელშესახები ფორმით გავრცელება აღმოსავლეთ საქართველოში, რომელიც დიდხანს სპარსული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მაგალითად, მან დასავლეთში მიღებული სტილის მიხედვით დააპროექტა, ააშენა და მოაწყო წინანდლის საგვარეულო მამული და აგრეთვე თავისი საცხოვრებელი სახლი თბილისში; იგი იყო პირველი ქართველი, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში როიალი დაეტლი შემოიტანა.
უფრო მეტიც, დასავლური ტექნოლოგიებითა და გამოგონებებით ალექსანდრეს აღფრთოვანებამ მის ცხოვრებაზე მრავალმხრივი გავლენა იქონია. მან წინანდლის ბაღები, გამორჩეულად ევროპული ელემენტების ჩართვის მიზნით, თავიდანააგეგმარა. ევროპელმა დიზაინერებმა დაგეგმეს მისი პარკი, რომელიც 12 ჰექტარზეა გადაჭიმული და სათბურთან ერთად დასავლური, აღმოსავლური და ამერიკული წარმოშობის უამრავ ეგზოტიკურ მცენარეს შეიცავს. იგი ნაკლებად ემორჩილება იმ მკაცრ სქემას, რომელიც ბევრ ევროპულ ბაღს ახასიათებს, მაგრამ,მიუხედავად ამისა, წინანდლის ბაღები ევროპაშიც ცნობილი გახდა. ზოგიერთი დიზაინერი მათ ინგლისურ პარკსაც ადარებდა (მაგალითად, რიჩმონდის პარკს ინგლისში). ალექსანდრე დიუმას მიერ "ედემის ბაღად" მოხსენიებული წინანდლის ბაღებ არაერთი უცხოელი სტუმრის ქება დაუმსახურებია.
ალექსანდრე ჭავჭავაძე იყო პირველი ქართველი დიდგვაროვანი, რომელმაც თავისუფალი მუშახელის დაქირავება დაიწყო და ამ მიზნით გლეხები გაათავისუფლა, რითაც დასაბამი დაუდო საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. 1836 წელს მან გაათავისუფლა გრიგოლ მაისურაძე (1817-1885), ყმა-გლეხი, რომელმაც მოგვიანებით ხელოვნების ნიმუშების გამომცემლობა დააარსა. მომდევნო წელიწადს ალქსანდრემ გადაიხადა მაისურაძის მგზავრობისა და სწავლის ხარჯები, რათა მას სანკტ-პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში მიეღო განათლება.
ალექსანდრე ჭავჭავაძე, მისი მეუღლე სალომე ორბელიანი და მათი ოთხი შვილი ცნობილი იყვნენ თავიანთი ლეგენდარული სტუმართმოყვარეობით; მათი ოჯახის კარი წინანდალსა და თბილისში არაერთხელ გაღებულა უამრავი საკმაოდ ცნობილი სტუმრის სამასპინძლოდ. ალექსანდრეს მამას, გარსევანს, ძირითადად მისივე რანგის არისტოკრატები და დიპლომატები სტუმრობდნენ, მაშინ როდესაც ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახი სტუმართა საკმაოდ მრავალფეროვან სპექტრს უწევდა მასპინძლობას. წინანდალს მასპინძლობა გაუწევია უამრავი მწერლისა და მხატვრისათვის: ფრანგი მწერლის, ალექსანდრე დიუმას, ფრანგი ისტორიკოსის, მარი-ფელისიტე ბროსეს, რუსი პოეტების –  ალქსანდრე პუშკინის, მიხეილ ლერმონტოვისა და ალექსანდრე გრიბოედოვისათვის; სტუმრები წინანდალს "პოეტებისა და მწერლების ლიტერატურულ გულს" უწოდებდნენ. პოეტ ალექსანდრე ფადეევის სიტყვებით: "ალექსანდრე ჭავჭავაძის გამორჩეული ოჯახი ერთადერთი იყო თბილისში, სადაც როგორც აღმოსავლეთიდან, ასევე დასავლეთიდან ჩამოსული სტუმრები ჭეშმარიტად ქართულ სტუმართმოყვარეობას ეზიარებოდნენ."
ღვინის წარმოება
ალექსანდრე სოფლის მეურნეობის ნოვატორადაც გვევლინება. იგი იყო პირველი ქართველი, რომელმაც აბრეშუმის, მარცვლეულისა და მზესუმზირის წარმოება დააარსა. მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ XIX საუკუნის დასაწყისში, ღვინის დაყენების ევროპული ტექნოლოგიის შემოტანით, მანგანაახლა ათასწლეულებით დამკვიდრებული ღვინის წარმოების ტრადიცია საქართველოში. თავის საგვარეულო მამულში ახალი ტექნოლოგიებისა და პრაქტიკული გამოცდილების დანერგვით მან მნიშვნელოვანწილად გააუმჯობესა კახური ღვინის ხარისხი; ცქრიალა (შამპანური) ღვინოებისა და კონიაკის დასამზადებლად ორიგინალური ტექნოლოგიები დანერგა და განავითარა. მოკლედ რომ ვთქვათ, ალექსანდრე საქართველოში პირველი ენოლოგი გახლდათ.
ვაზის მოყვანის კულტურისა და ღვინის დაყენების ტექნოლოგიების ხელის შეწყობის მიზნით, ალექსანდრემ ფული ისესხა, რათა წინანდალში ღვინის წარმოების ობიექტი და უზარმაზარი მიწისქვეშა ღვინის მარანი აეშენებინა. მან აგრეთვე ააგო ორთქლით არყის გამოხდის საწარმო, მოაწყო ღვინის შესანახი მარანი, რომელშიც დიდი ქვევრები განალაგა და კასრების სახელოსნოც გახსნა. ალექსანდრეს პირადი ღვინის კოლექცია, რომელიც ნაწილობრივ დღემდეაშემონახული, 70 მარკის 16.500 ბოთლ ღვინოს შეიცავდა; მათ შორის იყო 1839 წლის მოსავლიდან დამზადებული საფერავი.
ალექსანდრეს კოლექციის ნაწილი
ალექსანდრეს კოლექციის ნაწილი
XIX საუკუნეში ალექსანდრე ჭავჭავაძის ღვინის ქარხანაში დამზადებული ღვინოები მისივე სიცოცხლეში პოპულარული გახდა არა მხოლოდ საქართველოსა და რუსეთში, არამედ დასავლეთ ევროპაშიც. ისინი, განვითარების შედეგად, წინანდლის, თელიანის, მუკუზანისა და ნაფარეულის მარკის ღვინოებად გარდაიქმნენ. გეოგრაფმა ელის რეკლუმ, პოეტის თანამედროვემ, ასე გადმოსცა სათქმელი: "ალექსანდრემ ძალა არ დაიშურა თავისი ღვინის საწარმოს განვითარებისათვის და მისმა მცდელობამ შედეგი გამოიღო: ქართული ღვინო მთელ ევროპაში გახდა ცნობილი; კახური ღვინო თავისი ხარისხით ევროპულ ღვინოებს ნამდვილად ტოლს არ უდებს" მართლაც, ერთ ქართულ ანედოტში ნათქვამია, რომ ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა: წინანდლის მარნის ღვინის დალევამდე და მისი დაჭაშნიკების შემდგომ. წინანდლის მარკის ღვინო დღესაც იწარმოება საქართველოში და სხვა ქვეყნებში ექსპორტზედაც გადის. ზემოთ აღნიშნული წვლილის გარდა, ალექსანდრემ საუკეთესო ღვინის სარდაფები და მაღაზიები თბილისში, სტავროპოლსა და სხვა ქალაქებშიც გახსნა.
ალექსანდრე ჭავჭავაძის სიკვდილი 
ალექსანდრე ჭავჭავაძე 1846 წლის 6 ნოემბერს ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაიღუპა – თბილისში, თავის საცხოვრებელ სახლთან ახლოს, ეტლის ქვეშ მოჰყვა და თავის ქალის სერიოზული დაზიანებებისაგან გარდაიცვალა. იგი საქართველოში, კახეთში, თავისი საყვარელი წინანდლის მამულიდან არცთუ ისე შორს - შუამთის მონასტერში დაკრძალეს.

ბიბლიოგრაფიული წყაროები:
  1. ამირეჯიბი, შალვა. თავადი ალექსანდრე ჭავჭავაძე. კავკასიის ჟურნალი: ქართული ემიგრაციული ლიტერატურა, 4. თბილისი: 1990.
  2. ბალახაშვილი, იაკობ. ცხოვრება ჭავჭავაძისა. ჟურნ.: ცისკარი, 5. თბილისი: 1976.
  3. ბაქრაძე, აკაკი, ჭუმბურიძე, ჯუმბერ (რედ.), ქართული მწერლობა. ტ. 9.თბილისი: ნაკადული, 1992.
  4. ბოგველიშვილი, გიორგი. წინანდალი. თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1967.
  5. ბოცვაძე, იოსებ. ალექსანდრე ჭავჭავაძე ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში.თბილისი: სახელგამი, 1956.
  6. გრიშაშვილი, იოსებ. ლიტერატურული ნარკვევები. ტ. IV. თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1964.
  7. ენიკოპოლოვი, ივანე. ახალი მასალები ალ. ჭავჭავაძის ბიოგრაფიისათვის.ჟურნალში: მნათობი, 6-7, თბილისი: 1933.
  8. კვარაცხელია ო. წინანდლის პარკი. ჟურნ.: საბჭოთა ხელოვნება, თბილისი, 1969.
  9. მეუნარგია, იონა. ალექსანდრე ჭავჭავაძე: ბიოგრაფიული მონაცემები.თბილისი, ჟურნ.: მნათობი, 1937.
  10. ნაცვლიშვილი, ნათელა. მემამულური მეურნეობის კაპიტალისტური ევოლუცია საქართველოში. თბილისი: მეცნიერება, 1971.
  11. როზინსკაია, ფ. ალექსანდრე ჭავჭავაძე და გიორგი მაისურაძე. ჟურნ.: ლიტერატურა და ხელოვნება, 3, თბილისი, 1950.
  12. ხმალაძე, ირაკლი. წინანდლის სავანე. თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1975.
  13. ჩხეიძე, თენგიზ. საუფლისწულო მამულები კახეთში. თბილისი: მეცნიერება, 
         გამოყენებული ლიტერატურა:http://www.nplg.gov.ge/chavchavadze/alexandrechav.html#top